კინესთეტიკის ისტორია

შემდგომ თავებში მოცემული იქნება მცირე ისტორიული მიმოხილვა კინესთეტიკის შინაარსობრივი და ეკონომიკური განვითარების შესახებ.

დასაწყისი ( – 1980)

ტერმინი კინესთეტიკა Kinaesthetics შეიქმნა ორი ამერიკელის - ფრენკ ჰეტჩისა (*1940) და ლენი მაიეტას (*1950) მიერ 70-იან წლებში. ეს უნდა ყოფილიყო მოძრაობის გაცნობიერებული და დიფერენცირებული სწავლების აღმნიშვნელი, კერძოდ კი მოძრაობის აღქმისა და მართვის გამომხატველი სიტყვა, რომელიც ასევე მიანიშნებდა ესთეტიკაზე – „სილამაზის მეცნიერებაზე“ („Wissenschaft vom Schönen“) (ა.გ. ბაუმგართენი, 1750).

ფ. ჰეტჩს ჰქონდა მოცეკვავის განათლება და ქცევის კიბერნეტიკოსთან კ.უ. სმიტთან (1907–1994, ვისკონსინის უნივერსიტეტი, მადისონი) სწავლობდა და დაიცვა დისერტაცია. მან თავისი ინტერესი - ადამიანის მოძრაობის მნიშვნელობა და აღწერილობა გაუზიარა თავის მეუღლეს ლენი მაიეტას, რომელმაც კლინიკურ ფსიქოლოგიაში დაიცვა დისერტაცია (ფილდინგის ინსტიტუტი, სანტა ბარბარა, კალიფორნია). ამის საფუძველზე ორივემ ჯონ გრეჰემთან (*1933) ერთად 70-იანი წლების დასაწყისში შექმნა კონცეფცია, სახელწოდებით „ნაზი ცეკვა“ („Gentle Dance“), რომელიც ყოველდღიურობაში ეძებდა ბუნებრივ, დახვეწილ და ჯანსაღ მოძრაობებს.

70-იანი წლების ბოლოს  ფ.ჰეტჩმა და ლ. მაიეტამ კინესთეტიკის საფუძვლები განავითარეს. ძირითად იდეას წარმოადგენდა მოძრაობის განხვავების სისტემატური აღწერილობა, რასაც ყოველი ადამიანი საკუთარ მოძრაობაში, ყოველდღიურ აქტივობებში აღიქვამს. მათი კვლევების მეორე საკითხი ეხებოდა ადამიანის მოძრაობის მნიშვნელობას მისი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ამავე დროს სვამდნენ კითხვა: როგორ სწავლობენ ადამიანები მოძრაობის სტერეოტიპებს და რა მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანებთან ერთად მოძრაობას?

კონცეფციათა სისტემის განვითარება და პირველი პროგრამები (1980 – 1992)

80-იანი წლებიდან  ფ. ჰეტჩი, ლ. მაიეტა და ჯ. გრეჰემი გერმანიასა და შვეიცარიაში ატარებდნენ კურსებსა და სემინარებს მოძრაობის თემაზე. კურსის მონაწილეთა სუბიექტური აზრის გათვალისწინებით ვითარდებოდა მათი კონცეფცია მოძრაობის შესახებ.  მოძრაობის კვლევის ასეთმა მეთოდმა თავიდანვე  გამოიწვია მოვლის სფეროს სპეციალისტების დიდი ინტერესი. მოძრაობების აღწერა შესაძლებელი იყო განსხვავებების საფუძველზე. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად კი ჩამოყალიბდა  ექვსი კონცეფციისგან შემდგარი სიტემა. ამის შემდგომ შეიქმნა პროგრამა „კინესთეტიკა მოვლის სფეროში“(„Kinästhetik in der Pflege“). მიღწეული შედეგები მოგვიანებით წიგნადაც გამოიცა (F. Hatch, L. Maietta, S. Schmidt: „Kinästhetik – Interaktion durch Berührung und Bewegung in der Krankenpflege“, 1992).

პროგრამა „ჩვილებთან მოპყრობა“ (Infent Handling) შეიქმნა ლ. მაიეტასა და ფ.ჰეტჩის ძირითადი კვლევებით. მათ ახალშობილების ექთნებთან ერთად განავითარეს კინესთეტიკის კურსი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვილების მოვლის, მოძრაობისა და განვითარების სპეციფიურ ასპექტებს.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეიქმნა მესამე მიმართულება - პროგრამა „კრეატიული სწავლება“ “(Kreatives Lernen“),,  რომელშიც ყურადღება ექცეოდა მოძრაობის მნიშვნელობას პიროვნული განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ამ ფაზაში ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს კინესთეტიკის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ განვითარებას. ისინი ხშირად საგანმანათლებლო საქმიანობაშიც ერთვებოდნენ. ამ საწყის ფაზაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს დამფუძნებლებმა: სუზანე შმიდტმა, ქრისტელ ბინშტაინმა, ჰაიდი ბაუდერმა, როზმარი სუტერმა და სხვებმა. ყველა მონაწილე ერთიანდებოდა ორგანიზაციაში “კავშირი კინესთეტიკისთვის“(„Verein für Kinästhetik“). ეს კავშირი ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო საკითხებს და აქვეყნებდა „კინესთეტიკის ბიულეტენს“(„Kinästhetik Bulletin“),  - გაზეთს, რომელიც წლების განმავლობაში რეგულარულად ქვეყნდებოდა.

საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნა (1992 – 2001)

80-იანი წლების დასასრულს უფრო და უფრო იზრდებოდა  ინტერესი კინესთეტიკის კურსების მიმართ. ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში პირველი კინესთეტიკის ტრენერები ოფიციალურად გადამზადდნენ და უფლებამოსილნი გახდნენ ჩაეტარებინათ კურსები მაშინდელ ორგანიზაციასთან  IfK AG („Institut für Kinästhetik“, Aarau) კოოპერაციაში. აქედან მოყოლებული კინესთეტიკა საგანმანათლებლო სისტემად იქცა, რომელიც ერთი მხრივ, მრავალსაფეხურიან სატრენერო განათლებას სთავაზობდა სხვადასხვა პროგრამებში და ასე ფარავდა მოთხოვნებს საბაზისო კურსებით სხვადასხვა დონეზე. მეორე მხრივ, უზრუნველყოფდა ტრენერებისა და დამფუძნებლების მჭიდრო კოოპერაციას. ტრენერები აქტიურად მონაწილეობდნენ კინესთეტიკის შინაარსობრივ ცვლილებებსა და ხარისხის განვითარებაში. იმ წლებში კინესთეტიკის თითქმის ყველა ტრენერის თანამშრომლობა IfK AG-თან ადასტურებს ამ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
1998 წელს  ფ. ჰეტჩმა და ლ. მაიეტამ გამოაქვეყნეს წიგნი „კინესთეტიკა - ჯანმრთელობის განვითარება და ადამიანის ფუნქციები“(„Kinästhetik – Gesundheitsentwicklung und Menschliche Funktionen“). კინესთეტიკის განვითარების ამ ფაზაში განხორციელდა პირველი დიდი პროექტები კლინიკებში, მოვლისა და შშმ პირების თავშესაფრებში. ამ პროექტებმა დაამტკიცა, რომ კინესთეტიკა უმნიშვნელოვანესია არამარტო თითოეული ადამიანის მოძრაობის განვითარებისთვის, არამედ ის პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიანად ორგანიზაციაზე.

კურიკულუმის სისტემატური განვითარება (2001 – 2005)

90-იან წლებში ნელ-ნელა  გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და საჭირო გახდა შინაარსობრივი განვითარებაც. ეს მოითხოვდა კინესთეტიკის ახალი ორგანიზაციული და მართვითი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. დაფუძნდა „European Institute for Human Development“ (EIHD) და ორგანიზაციის მართვა პირველად კინესთეტიკის ისტორიაში სხვადასხვა პიროვნებებზე გადანაწილდა და შესაძლებელი გახდა როგორც შინაარსის, ისე ინოვაციებისა და ოპტიმიზაციის ახალ ფაზაში გადაყვანა. ახალმა ორგანიზაციულმა ფორმამ შესაძლებელი გახადა, რომ კინესთეტიკის კვლევის ძირითადი მიმართულებები ყოფილიყო: კურიკულუმის განვითარება სხვადასხვა პროგრამებში, კურსისა და სასწავლო მასალის განვითარება, მეთოდიკა და დიდაქტიკა. ამ პერიოდში გადამზადდა კინესთეტიკის ყველა ლექტორი. ეს უკვე აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას კინესთეტიკის ტრენერების საგანმანათლებლო პროგრამებზე. 2004 წელს ლ. მაიეტამ და ფ. ჰეტჩმა გამოაქვეყნეს წიგნი „ კინესთეტიკა ჩვილებთან მოპყრობისას“(„Kinaesthetics Infant Handling“). ევროპაში ამ დროისთვის არსებობდა კინესთეტიკის დაახლოებით 800 ტრენერი, რომლებიც ყოველწლიურად 30 000 ადამიანს ასწავლიდა.

კინესთეტიკის ევროპული ქსელი (2006 წლიდან)

2005 წელს ნათელი გახდა, რომ ცენტრალურად მართული ორგანიზაცია ვეღარ აკმაყოფილებდა და ერეოდა ტრენერებისა და ბაზრის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, კითხვამ, ამ გარემოებებზე როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება ორგანიზაციას, გამოიწვია ძალიან დიდი გადაულახავი წინააღმდეგობები მმართველ დონეზე. თავიდან რომ აეცილებინათ მთლიანი სისტემის დანგრევა, ტრენერების თითქმის 95% გადაწყვიტა, თავად აეღო ხელში კინესთეტიკის ისტორიის სადავეები.
ასე შეიქმნა ქსელი - დეცენტრალურად მართული ქვეყნების ორგანიზაციები და პარიტეტულად მართული ორგანიზაცია  „European Kinaesthetics Association“ (EKA). ამ ნაბიჯით, რომელიც სამწუხაროდ კინესთეტიკის დამფუძნებლებმა არ გაიზიარეს, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ორგანიზაციისა და სტრუქტურების გადარჩენა, არამედ საქმიანობის გაფართოება და ახალი ბაზრის შექმნა. ახალი ქსელური სტრუქტურის აშენებისას განსაკუთრებით იმას მიექცა ყურადღება, რომ შემდგომშიც, „კინესთეტიკის უძველესი მარცვალი“ შენარჩუნებულ უნდა იქნას და კინესთეტიკის ერთობლივი მუშაობა შინაარსისა და ხარისხის განვითარების მიზნით გაგრძელდეს.

2006 წელს დაიბეჭდა მ. ასმუსენის „კინესთეტიკის პრაქტიკული წიგნი“(„Praxisbuch Kinaesthetics“).  2007 წლის იანვრიდან წელიწადში ოთხჯერ გამოდის „სიცოცხლის ხარისხი“(„lebensqualität“) - კინესთეტიკის პროფესიონალური ჟურნალი.

სიახლეები კინესთეტიკის ორგანიზაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე „კინესთეტიკის ევროპული ქსელი“.