კინესთეტიკის საგანმანათლებლო გზა

კინესთეტიკის საგანმანათლებლო პროცესი შედგება სწავლების ცალკეული, დასრულებული, ერთმანეთზე თანმიმდევრულად აგებული ერთეულებისგან. განათლება მიმართულია ადამიანებისკენ, რომლებსაც პირადი ან სამსახურეობრივი მიზეზით სურთ დაკავდნენ სწავლით, საკუთარი სამოძრაო კომპეტენციითა და ჯანმრთელობით - პერსონალურ, პროფესიონალურ და ორგანიზაციულ დონეზე. კინესთეტიკის პერსონალური სფერო მიმართულია საკუთარი მოძრაობის კომპეტენციის, პიროვნებისა და მისი ჯანმრთელობის განვითარებისკენ. პროფესიონალური სფერო განსაზღვრულია ადამიანებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ მეორე ადამიანის მიმართ (მშობლები, მომვლელი ოჯახის წევრები, პედაგოგები, მოვლის სპეციალისტები, თერაპევტები). ორგანიზაციული სფერო განიხილავს საკუთარი მოძრაობის კომპეტენციის მნიშვნელობას გუნდთან ან ორგანიზაციასთან კავშირში. საგანმანათლებლო შემოთავაზებები გამოყენების მიხედვით მრავალფეროვანია. როგორც წესი, წინა საფეხური შემდგომი საფეხურის წინაპირობაა.

kinaesthetics-Bildungsweg

საბაზისო კურსები

საბაზისო კურსები საშუალებას იძლევა, კინესთეტიკის ცოდნა და უნარი სხვადასხვა სფეროებში გამოვიყენოთ. ეს კურსები უმრავლეს შემთხვევაში ჩამოყალიბებულია როგორც სტრუქტურული „სასწავლო ფაზები“, რომლებიც მხოლოდ სასწავლო ოთახში არ ისწავლება. პრაქტიკული სწავლება სასწავლო დღეებს შორის მიზნობრივად იგეგმება და ფასდება.  თითოეული ასეთი სასწავლო ფაზა 4-დან 9 თვემდე გრძელდება. ეს სასწავლო ფაზები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც დაწესებულების ხელმძღვანელებთან, მათ შესაძლებლობებთან და მიზნებთან არის შეთანხმებული.

ძირითადი კურსები
ძირითად კურსებში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობენ საკუთარი მოძრაობის კომპეტენციისა და კინესთეტიკის კონცეფციათა სისტემის გაცნობაზე. ეს საშუალებას იძლევა, საკუთარი მოძრაობა ყოველდღიურ აქტიურობაში ხედვის სხვადასხვა კუთხიდან იქნას დაკვირვებული, უკეთესად გაგებული და აქტიურად შეცვლილი.

სრულყოფილი კურსები
ძირითად კურსებზე დაყრდნობით სრულყოფილი კურსების მონაწილეებს შეუძლიათ თავისი პირადი მოძრაობის კომპეტენცია და ცოდნა კინესთეტიკის კონცეფციათა სისტემის მეშვეობით გაამყარონ და გააღრმავონ. ისინი დამატებით სწავლობენ პრაქტიკაში სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ცვლილებას, სასწავლო ნაბიჯების განსაზღვრასა და დოკუმენტირებას.

მენტორული კურსები
მენტორები თავისი თანამშრომლებისთვის კინესთეტიკის საკითხებში საკონტაქტო პირები არიან. მენტორულ კურსებში ისინი იძენენ ცოდნას და განავითარებენ კომპეტენციას, რათა კოლეგებს მათივე სასწავლო პროცესში და პრაქტიკაში გვერდით ამოუდგნენ, რომლებიც ესწრებიან ან უკვე დაამთავრეს ძირითადი ან სრულყოფილი კურსები. ისინი იღრმავებენ კინესთეტიკურ პროფესიულ ცოდნას და ავითარებენ მეთოდურ-დიდაქტიკურ კომპეტენციებს კინესთეტიკის სასწავლო მოდელის საფუძველზე.

ტრენერების განათლება

ტრენერების მომზადება პიროვნულ და პროფესიულ სფეროში ხდება სამუშაოსგან მოუწყვეტლად. კურსი გრძელდება ერთი წელი ყოველი საფეხურისთვის და მოიცავს დაახლოებით 300 საათს (დამოუკიდებელი სწავლების ჩათვლით). სხვადასხვა ქვეყნების კინესთეტიკის ასოციაციები ორგანიზებასა და კოორდინირებას უწევენ განათლებას. მოძრაობის კომპეტენცია, ჯანმრთელობის განვითარება და სწავლა წარმოადგენს სწავლების შინაარსის ძირითად საკითხებს. მონაწილეები დამატებით ითვისებენ ძირითად და თანამედროვე მეთოდურ-დიდაქტიკურ საფუძვლებს. საგანმანათლებლო კურსები ნაწილობრივ ჩართულია ასისტენტობის სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეები ვალდებულნი არიან გამოცდილი ტრენერების კურსებზე რეგულარულად გასწიონ ასისტენტობა.

კინესთეტიკის ტრენერი საფეხური 1: ექსპერტი საკუთარ პროფესიულ სფეროში
პირველი საფეხურის ტრენერის განათლება გარდამავალი ეტაპია კინესთეტიკის გამომყენებელსა და კინესთეტიკის მეორე და მესამე საფეხურის ტრენერებს შორის. მონაწილეები ამუშავებენ სპეციფიკურ კითხვებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში კიბერნეტიკული და კინესთეტიკური კუთხით. მათ აქვთ უნარი, კონკრეტულ პრაქტიკულ სიტუაციებში შესაფერისი სასწავლო მხარდაჭერა შესთავაზონ კურსის მონაწილეებს. მათ შეუძლიათ შესაბამისი პრაქტიკული სიტუაციების (პრაქტიკის ინსტრუქტაჟი, გუნდის შეხვედრები, შემთხვევბის მაგალითები) შექმნა და სასწავლო გარემოს სხვადასხვა სიტუაციებზე მისადაგება. ისინი იმისთვისაც არიან მოწოდებულნი, რომ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ძირითადი ან სრულყოფილი კურსები აქვთ გავლილი, ან აგრეთვე მენტორული კურსი მათივე სფეროში, მიზანმიმართულად გაუწიონ დახმარება მათ. ისინი საკუთარი დაწესებულების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებენ კინესთეტიკის ინტეგრაციით.
 

კინესთეტიკის ტრენერი საფეხური 2: ძირითადი კურსის ტრენერი
კინესთეტიკის მეორე საფეხურის ტრენერის განათლება მონაწილეს ძირითადი კურსების ჩატარების უფლებას აძლევს. ისინი ნერგავენ კინესთეტიკის სასწავლო მოდელს და სასწავლო გარემოს ფორმირებას სწავლობენ კინესთეტიკის პედაგოგიურ და მეთოდურ-დიდაქტიკურ საფუძვლებზე. მათ აქვთ უნარი, 12-დან 18-მდე მონაწილესთან ერთად მდგრადი სასწავლო პროცესი შექმნან სასწავლო ფაზის სახით.

კინესთეტიკის ტრენერი საფეხური 3: სრულყოფილი და მენტორული კურსების ტრენერი
კინესთეტიკის მესამე საფეხურის ტრენერი უფლებამოსილია კინესთეტიკის სრულყოფილი კურსები და შესაბამისი გადამზადების შემდეგ მენტორული კურსებიც ჩაატაროს. სრულყოფილ და მენტორულ კურსებში ცაკლეული მონაწილის ინდივიდუალური სასწავლო პროცესი უფრო აქტუალურია, ვიდრე ძირითად კურსებში. ამის საფუძველზე, მესამე კურსის ტრენერის განათლებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესზე ორიენტირებულ და ინდივიდუალურ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას. მესამე საფეხურის ტრენერს შეუძლია კინესთეტიკის ძირითადი და სრულყოფილი კურსების სასწავლო ფაზების ორგანიზატორს კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს. მას შეუძლია ასევე, საჭირო საგანმანათლებლო საქმიანობები დაწესებულების მიზნებს მოარგოს.

პირველი განათლება საორგანიზაციო სფეროში დაიწყო 2009 წელს. ის აერთიანებს ორ საფეხურს და მთავრდება კინესთეტიკის განათლების, პროექტისა და განვითარების კონსულტანტის კვალიფიკაციის აღიარებით.

კინესთეტიკის ტრენერების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

ტრენერები პირველიდან მესამე საფეხურამდე მათი განათლების შესაბამისად რეგულარულად ესწრებიან კინესთეტიკის საგანმანათლებლო კურსებს, რათა სხვა ტრენერებთან ცოდნის აქტუალური გაცვლა-გამოცვლა აწარმოონ და ერთიან ქსელში დარჩნენ.  ამასთან ერთად, ეს კურსები თემატურად განსხვავებული შინაარსისაა. ერთიანი განათლების სისტემისა და გამოცდილების რეგულარული გაცვლა-გამოცვლით ყოველი მონაწილე მუდმივად ავითარებს კინესთეტიკას.

ინსტრუქტორების მომზადება

ინსტრუქტორების მომზადება ხდება მინიმუმ ორწლიანი, სამუშაოსგან მოუწყვეტელი კურსით. მომავალი ინსტრუქტორები ავითარებენ საჭირო კომპეტენციას, რათა მეორე ინსტრუქტორთან ერთად პირველიდან მესამე საფეხურამდე ტრენერების საგანმანათლებლო და გადამზადება/კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარება შეძლონ. კინესთეტიკის ინსტრუქტორები რეგულარულად ატარებენ საბაზისო კურსებს. ამით ისინი ინარჩუნებენ კავშირს პრაქტიკასთან, დეტალურ წარმოდგენას აქტუალურ თემებზე და კინესთეტიკის განვითარების პერსპექტივებზე. ამიტომ ისინი მთავარ როლს ასრულებენ კურიკულუმის განვითარებაში.